ჩვენი სკოლა არის ევროპული საგანმანთლებლო სივრცე, რომელიც ეფუძნება სელესტენ ფრენეს თანამშრომლობითი სწავლების პრინციპებსა და ოვიდ დეკროლის უკიდეგანო სკოლის კონცეფციას.
,,ჩვენ ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ" - ანტუან დე სენ-ეგზიუპერის ეს სიტყვები ზუსტად გამოხატავს ჩვენი სკოლის საგანმანათლებლო ფილოსოფიას. ბავშვობა არის ის საძირკველი, რომელზეც ადამიანის მომავალი შენდება. სწორედ ამიტომ, ჩვენი მიზანია შევქმნათ ისეთი საგანმანათლებლო სივრცე, სადაც თითოეული ბავშვი იგრძნობს, რომ ის მნიშვნელოვანი, დაფასებული და უპირობოდ მიღებულია.
ჩვენი სკოლის მისია არის არამხოლოდ ცოდნის გადაცემა, არამედ ბავშვის მრავალმხრივი განვითარების, თავისუფალი აზროვნების, შემოქმედებითი ძიებისა და სამყაროსთან ცოცხალი კავშირის დამყარების ხელშეწყობა.
როგორც მრავალწლიანი ისტორიის მქონე ევროპული, ფრანგულ-ქართული სკოლა, რომელმაც 1993 წლიდან დღემდე აღზარდა არაერთი პროგრესული თაობა, ჩვენ ვაერთიანებთ ტრადიციას, გამოცდილებასა და თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებს.
ეს არის სკოლა, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში აღზარდა თაობები და დღესაც იმავე პასუხისმგებლობით აგრძელებს მომავალ თაობებზე ზრუნვას. სწორედ ეს უწყვეტობა და გამოცდილება არის ჩვენი სკოლის ერთ-ერთი მთავარი ღირსება, რომელზეც ახალ თაობათა წარმატება შენდება.
ჩვენი მიზანია ჩამოვაყალიბოთ თავისუფლად მოაზროვნე, პასუხისმგებლიანი, ტოლერანტი, საკუთარი შესაძლებლობებისა და უნარების უწყვეტად განმავითარებელი მოსწავლეები, რომლებიც საკუთარ შესაძლებლობებს გამოიყენებენ როგორც ქვეყნის შიგნით, აგრეთვე მის გარეთ.